საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა ევროპარლამენტის რეზოლუცია და მას "ანტისახელმწიფოებრივი", "ანტიქართული" უწოდა.
ღარიბაშვილის თქმით, ის "სამარცხვინო ბრალდებები", რაც რეზოლუციაშია მითითებული, ევროპარლამენტარებს ოპოზიციამ მიაწოდა.
"ჩვენს მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რამდენიმე დღის წინ მიიღეს რეზოლუცია ევროპარლამენტში, ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო „ევროპის სახალხო პარტია“. ვინ არის ეს პარტია? ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. მე პარლამენტში ღიად ვთქვი და დავდე ბრალი, რამდენიმე გვარიც ვახსენე, ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საუბარი არ არის მთავრობაზე, საუბარია სახელმწიფოზე. ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება, ამ უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღება პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც მე ვთქვი. ერთი მხრივ, გამოვიდნენ, შეიცხადეს, ამას როგორ გვაკადრებთო. გახსოვთ, როცა უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქებზე დაიოდნენ, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, დაესაჯათ ჩვენი ხალხი, ქვეყანა. ახლა მოახერხე ის და არა მხოლოდ მათ, არავის აქვს ილუზია, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ როლი შეასრულეს, ფაქტია, რომ ის სამარცხვინო ბრალდებები ამათი მიწოდებულია. თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, რომ ასეთი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს, ყველას კარგად ესმის ყველაფერი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.