მგონია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიიღებს იმ ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილია ბრიუსელისკენ და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. წულუკიანის განმარტებით, საქართველო ელოდება ევროკავშირისგან ამ სიტყვას.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, კიდევ ბევრ რეფორმას გავატარებთ, მაგრამ დღეს ისეთი დროა, რომ გადაწყვეტილება ეკუთვნის ევროკავშირს და იმედი მაქვს, ევროკავშირი თავისივე ხელით არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა.
რასაკვირველია, არა მხოლოდ ჩვენნაირ მსგავს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც კი, რეფორმები საჭიროა და უნდა გატარდეს. რაც გატარდა, იმის იმპლემენტაცია უნდა გაძლიერდეს, რაც გასატარებელია უნდა გატარდეს, მაგრამ დღის წესრიგში დღეს სხვა საკითხია. დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილია ბრიუსელისკენ და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ჩვენ ველოდებით ამ სიტყვას და ამ სიტყვის შესაბამისი პოზიციებიც გვექნება. რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას, რადგან პროგრესის გარეშე არ არსებობს ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.