ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ის შეხვედრებს გამართავს ვეროკავშირში უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტი ამის შესახებ ტვიტერში წერს.
"მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ ჩავიდე კიევში. ზელენსკისთან ერთად შევაჯამებ ერთობლივი მუშაობის შედეგებს, რომელიც აუცილებელია აღდგენისა და პროგრესისთვის, რომელსაც უკრაინამ ევროპის გზაზე მიაღწია“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინულ ენაზე წერს: "ევროპა თქვენთან არის".
მომავალ კვირას, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკავშირის ლიდერები 23-24 ივნისს სამიტზე იმსჯელებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის მიზანია პირადად ზელენსკის განუმარტოს მდგომარეობის არსი და აუხსნას, რა ზომები უნდა მიიღოს კიევმა, რათა ევროკავშირის სამიტზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული.
კონკრეტულად, ევროკომისიის პრეზიდენტი ზელენსკის გადასცემს, რომ არსებობს სწრაფი გადაწყვეტილებების ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც საკმარისია იმისათვის, რომ ევროკავშირს დაუმტკიცონ კიევის განზრახვა დაუბრუნდნენ რეფორმებს საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ.