რა უნდა გააკეთოს სალომემ, თუ – არც ვიზიტები და არც შეწყალება, არც წყალი, არც კიბე? არ ვიცი, აზრზე არ ვარ; შეიძლება, მოახდინოს ინიცირება ახალი შერიგების პროცესის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზურა ჯაფარიძის თქმით, უნდა დაველოდოთ, თუ რას გააკეთებს საქართველოში ჩამოსული პრეზიდენტი.
"ყოველ ჯერზე, როცა ქალბატონი სალომე გამოდის და რაღაც სიმართლის მარცვალს გაისვრის ხოლმე, საზოგადოებაში ჩნდება მღელვარება, რომ აი, რაღაც ახლა გვეშველება. მერე ყველა ჯერზე ეს მთავრდება ცივი შხაპით. ამჯერად, ეს ძალიან სწრაფად მოხდა. რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი. მანდ ჩამოვალ და მანდ მივხედავ ქართულ დემოკრატიასო და დაველოდოთ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების ევროპული მომავალი არ დავიცვა. ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“. მალევე, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა: „არა და არასოდეს, არავის ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს“.
ფოტო: RFL/RE