საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და საპატიო პრეზიდენტს, თურქეთის ბირჟებისა და სავაჭრო პალატების კავშირის ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელს ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა „სანკო ჰოლდინგის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობისა და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს. აღინიშნა, რომ მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ საქართველო გადაიქცეს მულტიფუნქციურ რეგიონალურ ჰაბად და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს გაფორმებული როგორც ევროკავშირთან და ჩინეთთან, ისე რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
„სანკო ჰოლდინგი“ უმსხვილესი თურქული კომპანიაა, რომელიც 11 სხვადასხვა სექტორის მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, კომპანია აწარმოებს ტექსტილს, სამშენებლო მასალებსა და განახლებად ენერგიას. „სანკო ჰოლდინგის" კომპანიები ექსპორტს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებენ და ფილიალები აქვთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და „სანკო ჰოლდინგის" მრჩეველი ჯემალ არიქი ესწრებოდნენ.