აშშ-ის კონგრესის [6 იანვრის] კომისიამ, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, 2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარ არეულობებზე მთავარი პასუხისმგებლობა მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკისრა.
"6 იანვარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, ხელისუფლების დამხობის თავხედური მცდელობის კულმინაცია გახდა. ძალადობა შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო ტრამპის ბოლო მცდელობა", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, დემოკრატმა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ - რესპუბლიკელმა ლიზ ჩეინმა აღნიშნა: "პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა ბრბოს, შეკრიბა ის და ამ თავდასხმის ცეცხლი დაანთო".
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომისიამ შეისწავლა 140 ათასზე მეტი დოკუმენტი და ათასზე მეტი თვითმხილველი გამოკითხა მაშინდელ მოვლენებში ტრამპის როლის დასადგენად.
ჩეინის თქმით, საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ ტრამპმა თაღლითობაში უსამართლოდ დაადანაშაულა არჩევნების პროცესი, წაახალისა ბუნტი, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეშალა, მიმართა კორუფციას, რათა პრეზიდენტის პოსტი შეენარჩუნებინა.
მოსმენას ესწრებოდა ორი მოწმე - პოლიციელი კეროლაინ ედვარზი, რომელმაც არეულობების დროს ქალა-თვინის ტრავმა მიიღო და ოპერატორი ნიკ კუესტედი.
კონგრესმენებმა წარმოადგინეს ვიდეოჩანაწრები და ტრამპის ქალიშვილის ივანკასა და მისი მეუღლის ჯარედ კუშნერის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსისა და გენერალური პროკურორის ულიამ ბარის ჩვენებები.
ტრამპის შტაბის წევრებმა, მათ შორის ივანკამ, საგამოძიებო კომისიის თანახმად, უარყვეს ყოფილი პრეზიდენტის ცრუ განცხადებები არჩევნებზე სავარაუდო თაღლითობის შესახებ. მანამდე იგივე გააკეთეს მოსამართლეებმა, თანამდებობის პირებმა და ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა.
ამასთან, თავად დონალდ ტრამპი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამარცხება მასშტაბურმა გაყალბებამ გამოიწვია. კონგრესში მოსმენამდე მან მკაცრად გააკრიტიკა საგამოძიებო კომისია. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზდენტო არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.
2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობას 5 ადამიანი ემსხვერპლა.