საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ქალები კონფლიქტებში", რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკა.
საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის პირველ ლედის ყველა ქართველი ქალის სახელით.
"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს სურათებს, რასაც ვხედავთ უკრაინაში უკვე 106 დღის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს. ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ძალადობრივ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მოძმე სახელმწიფოდ აცხადებდა. პარადოქსი სახეზეა. შენ არ გაუკეთებ ასეთ რამეს ახლობელ სახელმწიფოს და ხალხს. რუსეთი ამ ხალხს კლავს ყოველდღე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლი ქალები არიან. ჩვენ გვქონდა ეს გამოცდილება რუსეთის სამი აგრესიის პერიოდში. ქალები იყვნენ მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, მაგრამ რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ არის ის, რომ ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობისა. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები ხელმძღვანელობენ, ეს არის ომი, რომელსაც სათავეში უდგას მთელი უკრაინელი ერი, რაც იმსახურებს ჩვენს აღტაცებას. მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა ყველა ქართველი ქალის სახელით, რომელთაც ახლა მე წარმოვადგენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.