უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება დაამტკიცა.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით პუტინის გარდა სანქციები დაუწესდებათ 34 ოფიციალურ პირს, მათ შორის პრეზიდენტის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს.
სანქციები დაწესებულია უვადოდ და ითვალისწინებს მათ შორის აქტივებისა და ქონების დაბლოკვას; უკრაინის საზღვრებს გარეთ კაპიტალის გატანის აკრძალვას; უკრაინის საზღვრის გადაკვეთის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვას; ვიზების გაცემაზე უარს; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას; უკრაინის რადიოსიხშირეების გამოყენების აკრძალვას და სხვა.