თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სამ უცხოელ მოხალისეს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.
ბრიტანელებს ეიდენ ასლინსა და შონ პინერს და მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
სამივე "დამნაშავედ ცნეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობასა და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" კონსტიტუციური მოწყობის დამხობაში".
შონ პინერი და ეიდენ ასლინი აპრილში მარიუპოლში ტყვედ ჩაბარდნენ. საადუნ ბრაჰიმი კი ტყვედ ვოლნოვახაში, მარტში ჩავარდა.
ადვოკატების განცხადებით, ამ განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში.
ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ღრმა შეშფოთება გამოხატა ბრიტანეთის მთავრობამ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრესსპიკერის განცხადებით, "სამხედრო ტყვეები არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის".
"ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეებს აქვთ იმუნიტეტი და ისინი არ უნდა დაისაჯონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის", - თქვა მან.
სპიკერის განცხადებით, ლონდონი განაგრძობს მუშაობას, რათა იხსნას ბრიტანეთის მოქალაქეები ამ აღმაშფოთებელი განაჩენის აღსრულებისგან.