ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში 8 ივნისს გამართულ დებატებზე, სადაც ევროპარლამენტარებმა მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ილაპარაკეს.
მდინარაძის თქმით, იქმნება ხელოვნური ბარიერები კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აპრილის ბოლოს მომზადებულ რეზოლუციაზე, სადაც მისი თქმით, საქართველოში მედიაგარემო კარგად არის შეფასებული, ხოლო ახლა "10-ზე მეტი ევროპარლამენტარი შებრუნებულ, კატასტროფულ სიტუაციას ხატავს".
"როდესაც ერთი თვის წინ ასეთი ცალსახად პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან და ერთი თვის თავზე ჩვენი ევროპელი კოლეგები, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ და კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, რეალობას და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ, უკვე არა კონკრეტულ ლოკალურ დონეზე, არამედ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე. და კითხვაზე რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში, ერთი ადამიანის დაკავება შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულზე/უდანაშაულობაზე, მხოლოდ იმ ფეიკებზე, რომელიც თვითონ მოიგონეს. სინამდვილეში შეიცვალა ერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები, იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის, რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით, როდესაც ეს ყველამ იცოდა, ნაცმოძრაობამ საქართველოში, მათმა ლობისტებმა, დავალებების მიმცემებმა საზღვარგარეთ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ დროს არის შემაფერხებელი, მხოლოდ დაბრკოლების შემქმნელი" , - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები რეზოლუციის პროექტან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება.
რეზოლუციის კენჭისყრა დღეს, 9 ივნისს არის დაგეგმილი.