ბრიტანული გამოცემა Independent-ი წერს, რომ დაზვერვის მონაცემებით, დონბასში რუსულ ჯარს ათჯერ მეტი არტილერია და საბრძლო მასალა აქვს, ვიდრე უკრაინელ სამხედროებს, რაც უკრაინელების საბრძოლო სულისკევთებაზე დამთრგუნველად მოქმედებს.
გაზეთი არ აზუსტებს, ვის მიერ და ვისთვის არის შედგენილი აღნიშნული ანგარიში.
ანგარიშის ძირითადი თეზისებია:
იარაღისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაოდენობის თვალსაზრისით რუსეთი უკრაინას 20-ჯერ აჭარბებს, საბრძოლო მასალების რაოდენობით კი - 40-ჯერ.
უკრაინელებს თითქმის ამოეწურათ "სმერჩისა" და "ურაგანის" ტიპის რაკეტები. ამ რაკეტების მეშვეობით უკრაინელებს ომის პირველ კვირებში რუსეთის ძალებს შორი მანძილიდან ანადგურებდნენ. დარჩენილია „გრადის“ ტიპის რაკეტები და ჰაუბიცები, რომლებიც სამიზნეებამდე 20-30 კმ-ის დისტანციით აღწევენ.
რუსებს უკრაინული ძალების განადგურება ათობით და ასობით კმ-ის მანძილიდანაც კი შეუძლიათ. ასევე აღნიშნულია რუსეთის გიგანტური უპირატესობა ჰაერში, უკრაინელებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მხოლოდ იშვიათად შეუძლიათ.
ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" და NLAW ძალიან მნიშვნელოვანი იყო ომის პირველ ფაზაში, ის მნიშვნელოვანია დღესაც, მაგრამ მათი გამოყენება შორ მანძილზე მყოფ მტრის არტილერიისთვის შეუძლებელია. შედეგად უკრაინას დიდი დანაკარგები აქვს და ეს თრგუნავს სამხედრო დანაყოფებში საბრძოლო სულისკვეთებას: დეზერტირების რიცხვი მუდმივად იზრდება.
რუსებმა შესანიშნავად იციან, რომ დასავლეთის მიერ გაგზავნილი მძლავრი იარაღის რაოდენობა ჯერ დიდი არ არის, ფრონტის ხაზამდე კი ის ნელი ტემპით აღწევს.
ამიტომ ისინი ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა, ვიდრე ჯერ კიდევ აქვთ.
უკრაინას გაცვლითი ეტაპების შემდეგ 550 რუსი ტყვე დარჩა, რუსებს კი 5 600-ზე მეტი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული, მოსკოვი კი გაცვლას ერთი ერთზე მოითხოვს.
ფოტო: უკრაინელი სამხედროები დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზთან სანგრების გათხრის შემდეგ ისვენებენ/AP