პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თქმით, ვერ ხედავს მიზეზს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის და მიიჩნევს, რომ დასავლელი ლიდერები დროს კარგავენ. ამის შესახებ დუდამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
"განცვიფრებული ვარ იმ მოლაპარაკებების გამო, რომელიც ახლა პუტინთან მიმდინარეობს. კანცლერი შოლცი, პრეზიდენტი მაკრონი. ეს საუბრები უშედეგოა. ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ. პუტინია ამაზე პასუხისმგებელი, მან მიიღო უკრაინაში ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება. ვინმე ადოლფ ჰიტლერს ელაპარაკებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმე ამბობდა, რომ საჭიროა ადოლფ ჰიტლერისთვის სახის შენარჩუნება? ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ჰიტლერისთვის? ასეთი არაფერი გამიგია", - თქვა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელძღვანელობის თანხმობის გარეშე რაიმე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
"ყველაზე მეტად დაინტერესებული ვარ იმით, რომ უკრაინის თავდაცვამ საჭირო მხარდაჭერა მიიღოს, რათა რუსების თავისი ტერიტორიიდან გაძევება შეძლოს. უკრაინის სახელმწიფოს მთელი ტერიტორიიდან, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ყველამ იცის, რა არის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია. უნდა აღვადგინოთ საერთაშორისო სამართლის პრიმატი, რომელსაც ყველა აღიარებდა და რასაც რუსეთი არაერთხელ არღვევდა", - თქვა დუდამ.
შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, რათა ომის დასრულების შემდეგ, შევძლოთ ხიდების აშენება".