ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ასევე დაუყონებლივ მიაწოდოს უკრაინას საჭირო შეიარაღება. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
რეზოლუციას, რომელიც 8 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს, მხარი დაუჭირა 438-მა დეპუტატმა, 65-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 94-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტმა ევროკავშირს რეკომენდაცია მისცა უკრაინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი "როგორც უკრაინელი ხალხის სოლოდარობის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი".
ასევე, ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწია "უკრაინისთვის იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდებას უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად, გამოიყენოს მშვიდობის მხარდაჭერის ევროპული ინსტრუმენტი და საკოორდინაციო ცენტრი, ასევე ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ორმხრივი შეთანხმება". ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, ევროკავშირმა უკრაინას უკვე გამოუყო შეიარაღებისთვის 2 მლრდ ევრო.
ამის გარდა, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია უკრაინის სუვერენული უფლება თავად აირჩიოს ალიანსები გარედან ჩარევის გარეშე. ასევე ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები, ასევე შემოიღოს მეორადი სანქციები ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
"თავისუფალი სამყაროს სტრატეგიული მიზანია - დაეხმაროს უკრაინას დაამარცხოს აგრესორი რუსეთი და აღადგინოს კონტროლი თავის ტერიტორიებზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუაციაში ასევე ნათქვამია, რომ "2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს აგრესიაზე ადეკვატური რეაგირების არარსებობამ, ბიძგი მისცა რუსეთს, გაეგრძელებინა აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა".