აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 ივნისს მიემგზავრება სამხრეთ გერმანიაში, ელმაუს ციხე-სიმაგრეში, "დიდი შვიდეულის" ლიდერების სამიტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
ბაიდენი და G7-ის ლიდერები განიხილავენ აქტუალურ გლობალურ საკითხებს, მათ შორის სუვერენული უკრაინის უცვლელ მხარდაჭერას, ეკონომიკურ და დემოკრატიულ მდგრადობას, კლიმატური კრიზისის გადალახვას, განვითარების ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე სასურსათო და ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია.
28 ივნისს ბაიდენი გაემგზავრება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამიტზე. ნატოელი მოკავშირეები დაამტკიცებენ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც წარმართავს ნატო-ს ტრანსფორმაციას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში: თავდაცვის გაძლიერებიდან ტრანსნაციონალური საფრთხეებისადმი მდგრადობის გაზრდამდე, მათ შორის იმსჯელებენ კიბერ და კლიმატური საფრთხეებზე, ასევე პარტნიორობის გაღრმავებაზე დემოკრატიულ პარტნიორებთან ევროპასა და აზიაში საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მიზნით.