იტალიაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გამართა.
საზეიმო ვახშამზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც იტალიაში ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რომის მხარდაჭერაზე ილაპარაკა.
"დღეს მაქვს პატივი, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი, ვიმყოფებოდე სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმ დროს, როცა ევროპაში უსასტიკესი ომი მიმდინარეობს და ამავე დროს, საქართველო დგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მოლოდინში.
ჩემთვის ათმაგად სიმბოლურია ეს ვიზიტი, რადგან სწორედ რომია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის დედა და სწორედ ამ მარადიულ ქალაქში ორი ათასწლეულის წინ ჩაეყარა საფუძველი ერთიანი ევროპული კულტურის იდეას. და ამავე დროს, სხვა რომელი ქალაქი, თუ არა რომია მოწამე საქართველოს კულტურული და პოლიტიკური გადაჯაჭვულობისა ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებთან.
ჩვენ, ქართველებს, საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავზე, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ ქალაქში, რომელთანაც ყველაზე დიდი კულტურული და ხანგრძლივი ისტორიული კავშირები გვაქვს; სადაც გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა იყოს შემორჩენილი ისტორიული მეხსიერება კოლხეთისა და იბერიის. ყველაზე ძველი სამთავრობო ვიზიტი საქართველოდან ხომ სწორედ რომში განხორციელდა, როცა აქ მე-2 საუკუნეში იმყოფებოდა სტუმრად იბერიის მეფე ფარსმან II იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს და ბრწყინვალე ჯირითის გამო ერთ-ერთ მოედანზე რომაელებმა მას ძეგლიც კი დაუდგეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ქართველებსა და იტალიელებს შორის არსებობს კავშირები, რომლებიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება.
"თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ოფიციალური პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მიღმა ჩვენს ერებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება. ქართველებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იგრძნეს იტალიასთან სულიერი სიახლოვე, რაც შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა.
1851 წელს თბილისის ოპერის თეატრი გაიხსნა დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ და ქართული საზოგადოება სამუდამოდ „დაავადდა“ ოპერის სიყვარულით. დღეს მთელს მსოფლიოში მრავლად არიან ქართველი ოპერის მომღერლები, მათ შორის იტალიაში, მათ შორის ჩვენთან ერთად ამ საღამოს.
იტალიური კინო მსგავსი ტემპერამენტისა და იუმორის გამო ქართველებისთვის ისეთივე მახლობელად იქცა როგორც მშობლიური ქართული კინომატოგრაფია. განსაკუთრებით მახლობელია დღემდე ქართული პუბლიკისთვის ფედერიკო ფელინი, ტონინო გუერა, ნინო როტა, სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნინშა, რომ ქართველებსა და იტალიელებს ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული აახლოებს ერთმანეთთან და ამის მაგალითად თბილისის მერი კახა კალაძე დაასახელა, რომელიც "ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა მილანში, ხოლო ორი წელი ჯენოაში".
პრეზიდენტმა იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზეც ისაუბრა.
"მოგეხსენებათ საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ღვინო და გემრიელი სამზარეულოა ის, რაც ყველაზე მეტად ამჟღავნებს საერთო კულტურულ მისწრაფებებს ჩვენს ერებს შორის და ალბათ სწორედ ამ კულტურული მსგავსების გამო მოაშურა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ათასობით ქართველმა ემიგრანტმა იტალიას, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით კულტურული უცხოობის განცდა, და მე ამის გამო ქართველი ემიგრაციისა და ქართული საზოგადოების სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და თქვენს ხალხს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებს და რომის მერს.