"ამ ქვეყნის იდენტობას და მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ საუბრობთ და ცდილობთ საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ფსევდო პატრიოტიზმის გამო", - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ამ ყველაფრის ნაცვლად, გვესმის მისგან ძალადობის წახალისება, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და ამ წახალისებასთან ერთად, ერთგვარი მოწოდებაც, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას - მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი. თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე. სინამდვილეში მისთვის ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის პრობლემა არამედ, „ქართული ოცნების" მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, უმუშევრობა, მიგრაცია, ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების საკითხი, ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, დაპირისპირება, პოლარიზაცია ეს ის საკითხებია, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და გამოსავალს სთავაზობდეს ადამიანებს, მაგრამ მათი მიზანი ახლა არის რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანა. მისი თქმით, „ალდემ" მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას.
"ამაზე საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. „ქართული ოცნება" არ აკეთებს არაფერს და იმის ნაცვლად, რომ ამაზე მოგვესმინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება ისევ მოვისმინეთ ძალადობის წახალისება. ამ ქვეყნის იდენტობას და მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ საუბრობთ და ცდილობთ ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს არაფრის გამო, ფსევდო პატრიოტიზმის გამო, მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემთ საზოგადოება. არ გაპატიებთ არც ერთხელ როდესაც წაახალისებთ ძალადობას. ილაპარაკეთ ამ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე, რეალურ გამოწვევებზე და იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენ, არაფრის კეთებით, ძალადობისკენ მოწოდებებით, თავდასხმებით ევროპულ პარტნიორებზე და იმ მოძალადეების წახალისებით, რომლებიც თავს ესხმიან თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.