თუ საომარი იქნა ამ ქვეყნისათვის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას, რომელსაც მორიგჯერ უწოდა "ომისა და ღალატის პარტია".
მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა, თუ აქამდე ვერ ბედავდნენ, უკვე "ღიად დაიწყეს ომის პროპაგანდა".
"უკვე დაიწყეს საზოგადოების შეგუება. აქამდე ხომ ვერ ბედავდნენ, უარყოფდნენ და ემიჯნებოდნენ საერთოდ ამ თემას, უკვე ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა და დიახ, ომის საკითხი დაადასტურა, უკვე თქვენი კოლეგა ერთ-ერთი არხიდან გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, ომის საკითხი დაადასტურა მანაც. ანუ, უკვე მიდის ღია პროპაგანდა და გატესტვა ომის საკითხისა, რომ დიახ, სუვერენიტეტს სჭირდება ომი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მათთვის მაქვს ასეთი პასუხი – თუ საომარი იქნა ამ ქვეყნისათვის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ. ამის მაგალითები გვაქვს წარსულიდან. მათი „ნაომარი“ ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან ობიექტური რომ ვიყო, ამ შემთხვევაში ყველას არ შევეხები. ძალიან კარგად გვახსოვს მათი უმრავლესობის ნაომარი, ოღონდ სხვა მიმართულებით, არა ქართლის, ცხინვალის, სამეგრელოს, თუ აფხაზეთის მიმართულებით, სადაც ცხელი წერტილები იყო. წითელი ხიდის მიმართულებით უფრო გვახსოვს რაღაც რაღაცები. ამ ქვეყანას დღეს ყველაზე ძალიან სჭირდება მშვიდობა, ეს არის ეროვნული ინტერესიც და ქვეყნის გადარჩენის გზაც. ასე გვჯერა, ეს ასეა და ამიტომ დავდივართ ამ გზაზე – მშვიდობის გზაზე, ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.