დიდი ბრიტანეთი უკრაინას ამერიკული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს M270-ს გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა.
უოლესის თქმით, ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსული ტაქტიკის განვითარებასთან ერთად იცვლება.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის, ლონდონი უკრაინას 3 ასეთ სისტემას გადასცემს.
ამერიკული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას ვაშინგტონი უკვე დათანხმდა. ამ თანხმობის მისაღებად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 1-ელ ივნისს ესაუბრა. სატელეფონო საუბარი გამართეს ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ ლიზ ტრასმა.
M270-ის რაკეტების მოქმედების სიშორე 80 კილომეტრია.
BBC-ის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინას M270-ს გადასცემს მიუხედავად პუტინის მუქარისა, რომ "უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შემთხვევაში, რუსეთი დაარტყამს იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიუტანია".