უკრაინისთვის ამერიკული შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შემთხვევაში დარტყმებს მივაყენებთ იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიგვიტანია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "როსია 1"-ს განუცხადა.
მისი თქმით, კიევის მოთხოვნა დიდწილად უკავშირდება საბრძოლო ტექნიის დანაკარგის შევსებას. როგორც პუტინი აღნიშნავს, საუბარია 45-70 კმ-ის დისტანციის რაკეტებზე, რომლებიც საბჭოთა და რუსული "გრადების", "სმერჩებისა" და "ურაგანების" ანალოგია.
"იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიწოდება შტატებისა და სხვა ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან უკავშირდება ამ საბრძოლო ტექნიკის დანაკარგის შევსებას, აქ ახალი არაფერია და ეს არსებითად არაფერს ცვლის", - განაცხადა პუტინმა.
მას აღნიშნა, რომ "სამხედრო ოპერაციის" დაწყებიდან უკრაინამ, რომელსაც 515 სარაკეტო სისტემა ჰქონდა, უკვე დაკარგა 380. კიევმა მათი ნაწილის აღდგენა შეძლო ან გამოიტანა მარაგებიდან. პუტინის თქმით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 360 ერთეულ ასეთ ტექნიკას ფლობს.
პუტინის თქმით, თუ ვაშინგტონი უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს გადასცემს, რუსეთი შესაბამისად იმოქმედებს.
"თუ ის [რაკეტები] მიეწოდება [უკრაინას] - აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ განადგურების საშუალებებს, რომლებიც ჩვენ საკმარისად გვაქვს, იმისთვის, რომ დარტყმები მივაყენოთ იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიგვიტანია", - თქვა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა.
მისი აზრით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გარშემო შექმნილ აურზაურს, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შეიარაღებული კონფლიქტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.