კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აცნობიერებს, რომ ეს არის სამუშაო პროცესი და ქვეყანა უფრო მეტი მოტივაციით და შემართებით გააგრძელებს რეფორმებს.
"ცხადად უნდა განვასხვავოთ ის, რომ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ კანდიდატის სტატუსზე და არა წევრობაზე. როგორც პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადა, ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს ან იმას, რაც დაუმსახურებლად მიიღება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომლებიც ჩვენს თავზე ავიღეთ, მაგრამ დღეს ლაპარაკია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ეს კი გახლავთ გზავნილი ყველასთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რუსეთისთვის. ასე რომ, ჩვენ განვახორციელეთ ყველა ეს რეფორმა, გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ვდგავართ რეფორმატორების მოწინავე რიგებში არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის რეფორმის მხრივ. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ასევე „ბიზნესის წარმოების“ კატეგორიაში და ბევრი სხვა მიმართულებით საქართველო საუკეთესოა. ასე რომ, ჩემი კითხვაა, რატომ არა? კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება. ამავე დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, ამავე დროს, ვიქნებით უფრო მოტივირებულნი, შემართულნი. რა თქმა უნდა, იქნება ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ეს არ არის ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც მივყავართ სრულფასოვანი წევრობისკენ. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ ევროკავშირისგან ჩვენ მოველით ბრძნულ გადაწყვეტილებას, რადგან, - მოდით, გულახდილად ვთქვათ, - როცა რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, მსოფლიოში ასე იფიქრეს: „იქნებ დღეს კონტექსტი სხვაგვარია და ასე შემდეგ“. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ დედამიწაზე არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. არავის! პირიქით, ჩვენ გავხდით რუსეთთან ურთიერთობებში ყველა სახის გადახალისების, ახლიდან დაწყების მოწმენი“, - განაცხადა პრემიერმა.