შვეიცარიის მთავრობამ უკრაინისთვის დანიის მიერ შვეიცარიული წარმოების ჯავშანტექნიკის გადაცემა დაბლოკა. ამის შესახებ "ევროპეისკა პრავდა" შვეიცარიის მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
დანიის მთავრობას სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინისთვის 20 ერთეული Piranha III-ის ტიპის ჯავშანმანქანის გადაცემა ჰქონდა დაგეგმილი.
დანიის ხელისუფლებამ, შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს ეკონომიკის საკითხებში - Seco-ს ოფიციალურად მიმართა, უკრაინისთვის ჯავშანმანქანების გადაცემის ნებართვის მისღებად, მაგრამ უარი მიიღო. Seco-მ მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ უარყო. ბერნის თანხმობის გარეშე დანია უკრაინას დახმარებას ვერ გაუწევს, რადგან დანიამ სამხედრო ტექნიკის შეძენისას აიღო ვალდებულება, მესამე ქვეყანას მხოლოდ შვეიცარიის ნებართვის შემდეგ დაეხმაროს.
Seco-მ აპრილის დასაწყისში უკრაინისთვის Gepard-ის დანადგარებისათვის საბრძოლო მასალების გადაცემაზე უარი უთხრა გერმანიასაც.
ისევე როგორც მაშინ, Seco ჯავშანმანქანების გადაცემაზე დანიისთვის უარის თქმის მიზეზად ნეიტრალიტეტსა და საბრძოლო მასალების შესახებ კანონს ასახელებს, რომელიც კრძალავს შეიარაღების ექსპორტს ომში ჩართული ქვეყნისთვის.
თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, დარჩება თუ არა ერთგული შვეიცარია თავისი პოზიციის, რადგან დიდია ზეწოლა სხვა ქვეყნების მხრიდან. გასულ კვირას გერმანიის ვიცეკანცლერმა რობერტ ჰაბეკმა შვეიცარია გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის მაქსიმალური დახმარების მიღება სურს.