ბევრი განვითარებული ევროპული სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის ისეთი საარჩევნო სისტემით, რაც საქართველოშია - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.
ამ განცხადებით, გია ვოლსკი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის".
"არ მგონია, ბევრმა ევროპულმა განვითარებულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემით, რაც საქართველოშია მიღებული. თუ არის დემოკრატიული სამყაროსთვის მიუღებელი რაიმე პროცესი, მაგალითად, პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, ამაში მხოლოდ ხელისუფლების რგოლია დამნაშავე, საერთოდ თუ არის იგი დამნაშავე?ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ვოლსკიმ.