უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ ნატო ვალდებული აღარ არის აღმოსავლეთ ევროპაში ძალები არ განათავსოს. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ განაცხადა.
"რუსეთმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ მეზობლებს თავს არ დაესხმოდა, რასაც ის ახლა აკეთებს. აიღო [პასუხისმგებლობა], რომ გამართავდა რეგულარულ კონსულტაციებს ნატო-სთან, რასაც ის არ აკეთებს", - განმარტა ჯოანამ.
"თავად მოსკოვმა ჩამოაშორა ყოველგვარი შინაარსი - რუსეთი-ნატოს დამფუძნებელ აქტს, თავს დაესხა უკრაინას და შეწყვიტა დიალოგი ალიანსთან... ახლა ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, რომ გვქონდეს ძლიერი პოზიცია აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული კვადრატული დიუმი დაცული იყოს მეხუთე მუხლით და ჩვენი მოკავშირეების მიერ", - აღნიშნა მან.
მირჩა ჯოანას არ დაუზუსტებია აქვს თუ არა ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განთავსების კონკრეტული გეგმა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ელის ალიანსის საიმედო, მოქნილ და მდგრად ყოფნას ამ რეგიონში.
რუსეთისა და ნატო-ს მიერ 1997 წელს ხელმოწერილი დამფუძნებელი აქტი განსაზღვრავდა, რომ მხარეები ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ განიხილავდნენ, ვალდებულებას იღებდნენ პატივი ეცათ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისათვის და აღიარებდნენ ევროპის ქვეყნების უფლებას თავად აერჩიათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები.
დოკუმენტი ასევე განსაზღვრავდა ორმხრივი კონსულტაციების მექანიზმებსა და პრინციპებს. ინფორმაციების გაცვლას სამხედრო დოქტრინებთან, ბიუჯეტსა და სამხედრო სტრატეგიებთან დაკავშირებით, ასევე ერთობლივ ოპერაციებსა და სწავლებებს.
თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო ხელმძღვანელობას მისცეს მანდატი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გეგმის შემუშავებაზე. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მაშინ განაცხადა, რომ საუბარია ახალ ტაქტიკურ ჯგუფებზე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, მადრიდში ივნისის ბოლოს დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაზე მიიღონ.