რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან უკრაინული მარცვლეული რუსეთში გააქვთ. ამის შესახებ ხერსონის ოლქის კრემლის მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა სააგენტო "ტას"-თან განაცხადა.
სტრემუსოვის თქმით, საუბარია შარშანდელ მოსავალზე.
"არის ადგილი, სადაც [ახალი მოსავალი] ინახება, თუმცა აქ საკმაოდ ბევრი მარცვლეულია. ახლა ხალხი ნაწილობრივ ექსპორტს ახორციელებს, შეუთანხმდნენ მათ ვინც რუსეთის ფედერაციიდან ყიდულობს", - განაცხადა სტრემუსოვმა და დასძინა, რომ საუბარია "რუსეთის ფედერაციაში მარცვლეულის ექსპორტზე".
მისივე თქმით, მოგვარებულია ადგილობრივი და რუსული ქარხნებისთვის ზეთის წარმოებისთვის მზესუმზირის მიწოდების საკითხიც.
კრემლის მარიონეტმა ასევე აღნიშნა, რომ ოლქი ახლა ზამთრის მარცვლეულის მოსავლისთვის ემზადება.
უკრაინა რუსეთს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მისი მარცვლეულის მითვისებაში ადანაშაულებს.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საფრთხე შეუქმნა სურსათის გლობალურ მარაგს, რადგან ეს ორი ქვეყანა ხორბლის, ქერის, მზესუმზირის ზეთისს და სიმინდის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან.
შეგახსენებთ, რუსეთს უკრაინის საპორტო ქალაქები დაბლოკი აქვს, რის გამოც უკრაინიდან სურსათისა და მარცვლელულის ექსპორტი ვერ ხერხდება.