ასობით ლიტველი გაერთიანდა უკრაინისთვის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის სოლიდარობის ნიშნად.
აქციის ორგანიზატორი ტელეკომპანია Laisves-ის ცნობით, სულ რაღაც სამნახევარ დღეში 4,7 მილიონი დოლარი შეგროვდა, უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar TB2 შესყიდვის დასაფინანსებლად.
"ამ ომის დაწყებამდე არც ერთ ჩვენგანს არ უფიქრია, რომ იარაღს ვიყიდდით. მაგრამ ახლა ეს ნორმალურია. რაღაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამყარო უკეთესი გახდეს", - ამბობს 32 წლის აგნე ბელიცკაიტე, რომელმაც თანხის შეგროვების დაწყებისთანავე 100 ევრო გაიღო.
"მაშინ როდესაც, მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების მთავრობები გაუთავებლად მსჯელობენ, ლიეტუვის საზოგადოება უბრალოდ ერთიანდება", - დასძინა მან.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შემოწირულობას ვაკეთებ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. და მე ამას გავაკეთებ მათ გამარჯვებამდე", - განუცხადა მან როიტერს და დასძინა, რომ მისი განწყობა ნაწილობრივ მოტივირებულია შიშით, რომ შესაძლოა რუსეთმა ლიეტუვასაც შეუტიოს.
"ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა რიგითი მოქალაქეები აგროვებენ ფულს ბაირაქტარის მსგავსი ნივთის შესაძენად. ეს უპრეცედენტოა, ეს დაუჯერებელია“, - განაცხადა ბეშტა პეტრომ, უკრაინის ელჩმა ლიეტუვაში, Laisves TV-სთან ინტერვიუში.
Bayraktar-ის საბრძოლო დრონებს უკრაინის არმია წარმატებით იყენებს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ ერთი TB2 ტიპის საბრძოლო დრონის შეძენა დაახლოებით 5 მილიონი ევრო ჯდება.