საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ტელეფონით ესაუბრნენ რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელმაც 80 წუთს გასტანა, პარიზმა, ბერლინმა და კრემლმა განცხადებები გაავრცელეს.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა და შოლცმა პუტინს მოუწოდეს გაათავისუფლოს "აზოვსტალის" დამცველი, 2 500-მდე უკრაინელი მებრძოლი.
მათივე ცნობით, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინისგან დაჟინებით მოითხოვეს ოდესის პორტზე ბლოკადის მოხსნა უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტისთვის, რათა თავიდან იყოს არიდებული მსოფლიო სასურსათო კრიზისი.
გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შოლცი და მაკრონი "დაჟინებით მოითხოვდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას".
მათ ასევე მოუწოდეს პუტინს "სერიოზული პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინის პრეზიდენტთან და ეძიოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზები".
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა კოლეგებს უთხრა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები "მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს".
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები კიევის ბრალეულობით, გაყინულია. მან "დაადასტურა რუსული მხარის ღიაობა დიალოგის განახლებისთვის", - ნათქვამია კრემლის ვებგვერზე.
ასევე, კრემლის თანახმად, პუტინმა გააფრთხილა მაკრონი და შოლცი "უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების საშიშ ხასიათზე", რამაც, მისი აზრით, შეიძლება გამოიწვიოს "სიტუაციის შემდგომი დესტაბილიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავება".
პუტინმა ასევე თქვა, რომ "რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტების მოძიებასთან დაკავშირებით, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის". ამასთან, მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტის მიზეზად პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები დაასახელა.