ჩვენი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, დღეს ქვეყანას არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.
"კითხვა დაისვა ასევე აქ, რომ ბატონი ივანიშვილი არის თურმე წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მინდა ყველას შევახსენო – ჩვენს ქვეყანას, რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ამის თქმის უფლებას მაძლევს თქვენი გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე არ გიფიქრიათ და გიმუშავიათ, არამედ, ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები. დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები. მინდა, კითხვა დაგისვათ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, ამ სანქციების დაწესების შემთხვევაში დაუწესდებათ თუ არა სანქცია იმ ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და ოთხ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობენ. ის აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ თქვენგან და ძალიან ბევრი თქვენი თანაპარტიელებისგან, გამოჩნდა, რომ ითხოვდით იარაღის გადაცემას უკრაინისთვის, ჩარტერული რეისების გაშვებას, ითხოვდით ჩვენს მიერ ახლად რეაბილიტირებული სუ-25-ების გადაცემას. ეს ყველაფერი ჯდება იმ დიდ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ომში ჩართვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფოტო: EPA