რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრის დღიდან 1000-მდე ტანკი დაკარგა. იტყობინებიან Financial Times-ს და CNN-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
პენტაგონის ცნობით, რუსეთმა ასევე დაკარგა 30-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, 50 ვერტმფრენი და 350 საარტილერიო იარაღი. ამის მიუხედავად, პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს თავდასხმის "ბევრი შესაძლებლობა" აქვს.
"რუსებმა ამ ბრძოლაში უზარმაზარი ინვესტიცია მოახდინეს ტექნიკისა და პერსონალის ოდენობით. და თუ უკრაინელები განიცდიან ზარალს, ასევე რუსები განიცდიან დანაკარგს. რუსებს აქვთ უპირატესობა იმ საშუალების გათვალისწინებით, რაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ ამ ბრძოლაში პერსონალის, აღჭურვილობისა და იარაღის თვალსაზრისით და ჩვენ უბრალოდ უნდა გვახსოვდეს ეს", - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში გაგზავნა 110 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რაც ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის დაახლოებით 80 პროცენტია.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა 1315 ტანკი, 800-ზე მეტი იარაღი და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 206 თვითმფრინავი და 170 შვეულმფრენი.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის პირველ სამ თვეში რუსეთმა დაახლოებით იმდენივე პერსონალი დაკარგა, რაც [საბჭოთა კავშირმა] ავღანეთში 9 წლის განმავლობაში.