ჩემი დაჭერით მე მგონია, რომ "ოცნებამ" დაიჭირა საკუთარი თავი და სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება, - აცხადებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარიამია, რუსთავის ციხიდან "მთავარი არხთან" სატელეფონო ინტერვიუში.
მისი თქმით, დახურულ საზოგადოებაში გარღვევას ახდენს არა იდეები, არამედ სუპერიდეები.
"ჩვენს შემთხვევაში ეს არის სამშობლო. ასე იყო 9 აპრილს, ასე იყო 2003 წელს, 20 ივნისს და ასე იქნება ახლაც. ჩვენთვის სამშობლო ეს არის ევროპული წიაღი. მათ ეს უკვე შეაჩერეს, მაგრამ ვერ გააჩერეს...
გუშინ რომ იკითხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც ისიც კი არ იცის, რატომ წავიდა, ისიც კი არ განუმარტავს რატომ არ არის პარლამენტის თავმჯდომარე, აჩიკო თალაკვაძემ. ხელს ავუწევთ თუ არა ამ მთავრობას... მე, ნიკა გვარამია, ავუწევდი ხელს რაც მან ჩამოთვალა ყველაფერ იმას. მიშა სააკაშვილიც აუწევდა ხელს, უბრალოდ მას არ შეუძლია იმ ხელის აწევა აი, ამ აჩიკო თალაკვაძეს და მისნაირების გამოისობით. მიშა სააკაშვილიც კი აუწევდა ხელს უბრალოდ მას კლავენ და ხელსაც ვერ წევს, ავუწევდით ამას ჩვენ ხელს ყველანი. მაგრამ აჩიკო თალაკვაძეს ვეკითხები: თვითონ აუწევდა ხელს იმას, რაც პრემიერ ღარიბაშვილს ევროპელებმა უთხრეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს და უნდა გამოსწორდეს, რომ კლავენ მესამე პრეზიდენტს და უნდა გადაიყვანონ, რომ სასამართლო არ არის, რომ ბოლო არჩევნები გაყალბდა და არ უნდა ჩატარდეს. თვითონ ამას უწევს ხელს? და რას ფიქრობს იგი ვინ აუწევს ხელს ევროკავშირში მიხეილ სააკაშვილის წამებასა და სიკვდილს? ის ქვეყნები, რომელთა სეიმებმა და პარლამენტებმა გამოაქვეყნეს, რომ ეს კაცი წამების მსხვერპლია და გადაიყვანეთ. ეს ხალხი ხმას მისცემს ამგვარი ქვეყნის შეყვანას, ევროკავშირში მიახლოებასაც კი? როგორ ფიქრობთ, ვიოლა ფონ კრამონი, უბრალოდ დეპუტატს რომ ეძახიან და საშინელებებს ამბობენ მასზე, ის უბრალოდ დეპუტატი კი არ არის, ის არის გერმანული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ქვეყანა ისედაც სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის გაფართოებისკენ ხელს აწევს? და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელის აწევა ჩვენ გვჭირდება ყველასი. პოლონეთი აუწევს ხელს, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით 7-ჯერ ჩამოვიდა და ხან არ შეხვდნენ, ხან შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ქვეყანა აუწევს?", - ამბობს ნიკა გვარამია.