პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში - ამ სათაურით აქვეყნებენ ერთობლივ სტატიას გამოცემა The Bulwark-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.
სტატიის ავტორების თქმით, მაშინ როდესაც მამაცი უკრაინელები რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ, საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.
იან კელი და დევიდ კრამერი შენიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატოსა (75%) და ევროკავშირში (88%) გაწევრიანებას.
"საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ კვლავ რიტორიკულად უჭერს მხარს დასავლეთთან ინტეგრაციას, თუმცა მისი ქმედებები აჩვენებს, რომ არასწორ ბრბოს ირჩევს", - ნათქვამია წერილში.
ავტორები აცხადებენ, რომ უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით.
იან კელისა და დევიდ კრამერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ გავლენა საქართველოზე, „რათა შეაკავონ ეს დესტრუქციული ძალა“.
ამასთან, სტატიის ავტორები საქართველოს ხელისუფლების მესვეურთა წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან.
"ჩვენ ვალდებულები ვართ ქართველების წინაშე, რომლებიც იმედოვნებენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვები და სხვა სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ასევე საუბარია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზეც. დიპლომატები გვარამიას დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"უკანასკნელი შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როცა მოსამართლემ ნიკა გვარამიას, წამყვანი ოპოზიციური ტელეარხის - "მთავარი არხის" დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით სამ წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ გვარამიას საქმე "კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი" და ვარაუდობს, რომ ის არასწორ სიგნალს აგზავნის მის დასავლურ ორიენტაციაზე, მაშინ, როცა "საქართველოს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში წინსვლის" - ვკითხულობთ სტატიაში.
იან კელისა და დევიდ კრამერის მოსაზრებით, "ქართული ოცნება“ აკონტროლებს სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს, არამხოლოდ იმიტომ, რომ თავის სასარგებლო გადაწყვეტილებები უზრუნველყოს, არამედ იმისთვისაც, რომ არ დაუშვას ძლიერი ოპოზიციის არსებობა.
"მან აწარმოა დევნისა და დემონიზაციის კამპანია ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერების, განსაკუთრებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გასულ შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ციხეში გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განიცადა არასათანადო მოპყრობა", - აღნიშნულია სტატიაში.
იან კელისა და დევიდ კრამერის განცხადებით, რომ "ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, გაანაწყენებს თუ არა ეს პუტინს".
"საშინაო პოლიტიკაში მთავრობა, ხელისუფლების სამივე შტოში სტაბილურად ახდენს ძალაუფლების კონცენტრაციას და მათ, ვისაც ამ ძალაუფლების შემოწმება და გაკონტროლება შეუძლია, მარგინალიზაციას უწევს ან შლის", - წერენ ავტორები.
კელი და კრამერი აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქართული ოცნების პოლიტიკა უკრაინაში ომის მიმართ.
"როგორც რუსეთის მტრული შეჭრის მსხვერპლი, საქართველო უკრაინის ბუნებრივი მოკავშირე უნდა იყოს. სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მოქალაქეების უკრაინაში ომში ჩართვის თავიდან აცილებამ და საქართველოს სავარაუდო მცდელობამ, დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, აიძულა უკრაინა, ქვეყნიდან ელჩი გაეყვანა", - აღნიშნავენ დიპლომატები.
კელი და კრამერი აცხადებენ, რომ სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის და მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვაშინგტონი სანქციებს უწესებს მისდამი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებსაც.
"მაგრამ ასევე ძალიან საჭირო და დაგვიანებულია [სანქციები] ივანიშვილის შემთხვევაშიც კოლომოისკისა და პლახოტნიუკი სანქციების დაწესების დროს აღარ იყვნენ მთავრობაში, ივანიშვილი და მისი ახლო წრე არ არიან ანგარიშვალდებული ამომრჩევლების წინაშე, თუმცა აშკარად აქვთ დიდი გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე", - აღნიშნავენ დიპლომატები.
იან კელი და დევიდ კრამერი მოუწოდებენ აშშ-და და მის ევროპელ მოკავშირეებს, "იმოქმედონ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კულისებს მიღმაა, მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს დასავლეთისგან დააშორებს და რუსეთთან დააახლოებს".