გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სხვებზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"საქართველო ნამდვილად იმსახურებს უპირატესად და უფრო ადრე, ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები, ამას თავადვე აღიარებდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. ბოლო სტატია რომ გამოქვეყნდა, იმ ორგანიზაციის კვლევითაც კი, ჩვენ ყველა პარამეტრით წინ ვიყავით უკრაინაზე, მოლდოვაზე. იმდენად ინტეგრირებულია დღეს საქართველო თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით, შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს ევროკავშირის შესაბამის სამხედრო სტრუქტურასთან ერთად. არ არის ეს მარტივი, რომ საქართველო ამ სტატუსის მიღმა დარჩეს, მაგრამ ამას ცდილობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თავის ქვეყანას, ეკონომიკას, ათასობით და ათიათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო მე ვერ წარმომიდგენია საქართველო ვიღაცამ დასაჯოს. ამის იმედი უნდა ვიქონიოთ", - განაცხადა მდინარაძემ.