საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამხედრო მოსამსახურეები თამარ მეფის ჯვრით დალოცა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პატრიარქს ეკუთვნის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ყოველ კვირა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში სამხედროები მორიგეობით ივლიან წირვაზე და დაილოცებიან თამარ მეფის ჯვრით. ეს ჯვარი სპეციალურად საკვირაო წირვისთვის აჭის დედათა მონასტერიდან მოაბრძანეს.
„ჩემო სულიერო შვილებო, დღეს განსაკუთრებული დღეა. თქვენს წინაშე არის თამარ მეფის ჯვარი. ის ჯვარი, რომლითაც ლოცავდა თამარი თავის სამეფოს და თავის ჯარს. დღეს ჩვენ წირვის ბოლოს დავლოცავთ მთელს საქართველოს და, რა თქმა უნდა ჯარს. თქვენ შეგიძლიათ წირვის დროს ემთხვიოთ ამ ჯვარს და წირვის ბოლოს მოხდება დალოცვა. ჯვარის ძალამ დაგიცვათ და ჯვარის ძალამ დაიცვას საქართველო. ჩვენთან არს ღმერთი,"- განაცხადა პატრიარქმა წირვა-ლოცვის დაწყების წინ.
სამხედროებთან ერთად წირვა-ლოცვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, მათ შორის - გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - კახაბერ ბუცხრიკიძე და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე არსენ ცუხიშვილი და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ნიკოლოზ ჯანჯღავა. წირვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კალათბურთის გუნდის - „არმიის" წევრები.
„ჩვენ დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს პატრიარქს ჩვენი ჯარისკაცების დალოცვისათვის. ეს მისი ინიციატივაა. ჩვენი ჯარისკაცები დაილოცებიან იმ ჯვრით, რომლითაც ჩვენი დიდი მეფე თამარი და ჩვენი მეფეები ლოცავდნენ ჩვენს ჯარისკაცებს - საქართველოსთვის მებრძოლებს," - განუცხადა წირვის შემდგომ ჟურნალისტებს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ არსენ ცუხიშვილმა.
ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენჯერმე მიმართა ქართველ სამხედროებს: "დღეს ჩვენ მოხარული ვართ და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენ გვესწრება ჩვენი ჯარი, რომელსაც ჩვენ დავლოცავთ, დავლოცავთ არა იმისათვის, რომ იომონ, არამედ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში, მშვიდობისათვის ვლოცავთ ჩვენ ჯარს, ვლოცავთ იმისათვის, რომ დაიცვან ჩვენი სამშობლო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, ვლოცავთ იმისათვის, რომ დაიცვან ჩვენი ხალხი. . .მე მინდა გითხრათ, რომ ეს ჯვარი განსაკუთრებულია, თამარ მეფის ჯვარია. რა თქმა უნდა გაძარცვულია, ძვირფასი ქვები ამოღებულია და დიდხანს დაკარგული იყო თითქოს და მერე აღმოჩნდა ერთ ოჯახში და თამარ მეფე ლოცავდა თავის სამეფოს და საქრთველოს, თავის ჯარს მიუძღვოდა ამ ჯვრით ფეხშიშველი თამარი და შემდეგ დალოცავდა და ბრუნდებოდა არა სასახლეში, არამედ ერთ-ერთ მონასტერში და იქ დღედაღამეს ატარებდა ლოცვაში და მშვიდობით და გამარჯვებით ბრუნდებოდა ქართული ჯარი. . . ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მე მინდა კიდევ ერთხელ დავლოცო ჩვენი ჯარი, ვთხოვო ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რომ ყოველ კვირას, ყოველ დღესასწაულზე ჯარი ესწრებოდეს წირვას, ნაწილი მაინც, და ჩვენმა ხალხმა უნდა გაიცნოს ჯარი, უნდა დაუახლოვდეს ჯარი თავის ხალხს და მე მინდა დავლოცო ჩვენი ჯარი წმინდა გიორგის ხატით, წმინდა გიორგი თქვენ იცით, ტყვეთა გამათავისუფლებელია და გამარჯვების სიმბოლოა, ეხლა ერთად ვიგალობოთ წმინდა გიორგის ტროპარი. ღმერთმა დაგლოცოთ".
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა სამხედროებს წმინდა გიორგის ხატი გადასცა, რომელიც ჯარისკაცებმა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოსთა დასის სახელობის ტაძარში მიაბრძანეს.