ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ეხმიანება.
"ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი? თუ ვინ ვარ? რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი? პოლიტიკოსები საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ, მაგრამ თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე. ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიღოთ ჩვენი კრიტიკა სერიოზულად. ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება, ჩემი რჩევა იქნება, რომ უსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას ასევე სერიოზულად. საქართველო ძალიან კრიტიკულ პერიოდშია: ომი უკრაინაში, წევრობის განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია", - განაცხადა კალიურანმდ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ევროპარლამენტში არის მცირე ჯგუფი, რომელიც კრიმინალების მფარველები, კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები არიან. ამავე დროს, "კრიმინალების მფარველთა" შორის კობახიძემ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დაასახელა. ამასთან, კობახიძემ კრამონსა და კიდევ ერთ ევროპარლამენტარს ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირები" უწოდა.