ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც მან კრამონი და სხვა დასავლელი პოლიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეობასა და "ქართული ოცნების" მთავრობის "აყირავებაში" დაადანაშაულა.
ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში, უსაფუძვლო და ცილისმწამებლური უწოდა წულუკიანის ბრალდებებს.
"ვცდილობ, ქართველი პოლიტიკოსების უტაქტო და უსაფუძვლო თავდასხმებზე რეაგირება არ მოვახდინო, მაგრამ ახლა არჩევანი აღარ დამიტოვეს.
ქალბატონი წულუკიანი გავიცანი, როდესაც ის ახალგაზრდა, დამწყები პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორი რადიკალური გახდა წლების განმავლობაში და ახლა ავრცელებს სიცრუეს და დეზინფორმაციას.
ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ქართველი ხალხის უფლებისთვის, აერჩიათ თავიანთი მთავრობა დემოკრატიულად. ჩემი დადანაშაულება ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებაში არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელსაც არც ერთი გონივრულად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.
"ქართული ოცნების" დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს. "ქართული ოცნება" არ არის საქართველო და "ქართული ოცნების" კრიტიკა არ ნიშნავს საქართველოს კრიტიკას. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა ქართული ოცნების მეგობარს. შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის მიღმა დამალვა. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე.
ეს არ არის "პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი", რომელიც აკრიტიკებს დემოკრატიულ უკუსვლას, არამედ არიან მთავარი პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას ევროპარლამენტსა და მის ფარგლებს გარეთ. ნახეთ ჩვენი ბოლო განცხადებებზე ხელმომწერები ან დაელოდეთ ევროპარლამენტის შემდეგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
მე არ "ვერევი" საქართველოს საქმეებში. მხოლოდ შეგახსენებთ თქვენს მიერ აღებულ და შეუსრულებელ ვალდებულებებს (19 აპრილი). თუ გსურთ, რომ სერიოზულად აღგიქვან, შეწყვიტეთ საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება, გააუმჯობესეთ სასამართლო სისტემა, შეწყვიტეთ მიკროფონების ქურდობა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია.
მე ვარ საქართველოს (და არა მისი მთავრობების) მეგობარი მრავალი წელია. ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო". დროა, "ქართულმა ოცნებამ" ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას და სიმართლეს, ნაცვლად იმისა, რომ მრისხანება გამოავლინოს", - წერს კრამონი "ტვიტერში".
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი დასავლელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა.
წულუკიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, "მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია, რომ ააყირაოს მთავრობა".