საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.
შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა.
თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს.
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და მას მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის.
თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართა სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს.
გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.