"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.
"მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიმართოთო, თქვა ნიკა გვარამიამ, ეს უკვე არ არის მხოლოდ მისი პირადი საკითხი. ამ უგუნური გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივა. სალომე ზურაბიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე. კეთილი ინებოს და სანამ გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ნუ გააჯანჯლებს, როგორც წინა შემთხვევებში, ნუ დაელოდება ზეწოლას ევროპისაგან და ამერიკისაგან. მერე გვიან იქნება", - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სასამართლომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.