საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ნებისმიერი პატიმარი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა.
გიული ალასანიას თქმით, არცერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი პატიმარი.
"ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი, ნებისმიერ პატიმარი, ნებისმიერი პატიმარი. რამდენიც არ უნდა იმეორონ, მიხეილ სააკაშვილი არ არის ნებისმერი პატიმარი. საერთოდ, არცერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი პატიმარი. მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც საქართველო ნამდვილად იყო წარმატებული ქვეყანა და ეს არ არის ჩემი შეფასება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება ასეთი იყო", - თქვა ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
"ადამიანი არის საერთოდ გამქრალი, ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი, ვერ ჭამს, და ძალიან მძიმე სურათია. არ ვიცი რამდენი ხანი გაუძლებს ამ მდგომარეობას არ ვიცი. ეს გადაყვანა [ვივამედში], ბევრმა თქვა და მეც დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ არის მოჩვენებითი, იმიტომ რომ დასჭირდათ, როგორც ჩანს რაღაცისთვის, რაღაც შეხვედრები ხდება, ბრიუსელში უნდა მოხდეს შეხვედრა, მოსაჩვენებლად, რომ აი ზრუნავენ და უნდათ, რომ შეუმსუბუქონ მდგომარეობა. და მერე ისევ უპირებენ, რომ უკან დააბრუნონ და საბოლოოდ მოკლან. მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება. ამიტომ ძალიან დათრგუნული წამოვედი იქიდან, მართალი გითხრათ", - თქვა მან.
გიული ალასანიამ დასძინა, რომ მისი მოთხოვნა უცვლელია, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.