გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
შეხვედრის დაწყებამდე, ღონისძიების მასპინძელმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"პირველი არხის" ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ჯოანამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეულია ნატოს სამიტზე, რომელიც ივნისში მადრიდში გაიმართება.
"როგორც აღვნიშნე, ნატო ყოველთვის პატივს სცემს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერების უფლებას აირჩიონ საკუთარი გზა. ეს სხვათა ვეტოს არ ექვემდებარება. ეს არის მხოლოდ იმ ქვეყნისა და ორგანიზაციის განხილვის საკითხი, რომელშიც სურთ გაწევრიანება. საქართველო ჩვენთვის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია. ჩვენ მათთან ვმუშაობთ წლების განმავლობაში. ასევე ვიცი, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება მიწვეული.
ღია კარის პოლიტიკა ნატოსთვის წმინდაა. და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შავი ზღვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ შავი ზღვის ბლოკირებას, რუსეთი ცდილობს უკრაინის ეკონომიკის დათრგუნვას და ქმნის საკვების უსაფრთხოების პრობლემებს მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ასევე, მოლდოვას რესპუბლიკა, ბოსნია ჰერცეგოვინა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ასე რომ, მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი ეძებენ გზებს, რათა პარტნიორების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს ამ რთულ ვითარებაში", - განაცხადა მირჩა ჯოანამ