ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული, ძალიან მშრომელი, მხარდამჭერი ქალისთვის, ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირებაა, რომ ქალთა როლის გაძლიერება პარტიის პრიორიტეტსა და სტრატეგიას წარმოადგენს.
„ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა. მაშინ, როდესაც ქალი მეფე, მეოცე საუკუნის დასაწყისში პირველი პარლამენტარი ქალები, მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და უამრავი წარმატებული ქალი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ქალების გაძლიერებაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ლეგიტიმური მიზანია.
ადამიანი ყველა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა და თუ ჩვენი მოსახლეობის 50 %-ზე მეტს წარმოადგენენ ქალები და ისინი განსაკუთრებული უნარების, შესაძლებლობებისა და მონაცემების არიან, ისინი უნდა მონაწილეობდნენ პროცესებში.
თქვენ, აქ მსხდომი ქალები და ასიათასობით სხვა ქალი, თქვენ-თქვენი მიმართულებებით წარმატების მაგალითი ხართ, მოტივაცია სხვებისთვის და სახელმწიფოსთვის რეალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ძალა და ენერგია იყოს გამოყენებული.
და როდესაც შესაძლებლობის განვითარებას განსაკუთრებული საფუძველი სჭირდება და როდესაც ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ დამატებითი შესაძლებლობები ამ ჩვენი უნარების განსავითარებლად.
დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირება არის ჩვენი მხრიდან, რომ გაცხადებული მიზანი- ქალების გაძლიერების უკვე შიდაპარტიულ სტრატეგიასაც და პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული, ძალიან მშრომელი, მხარდამეჭრი ქალისთვის, ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს. ამ ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ ჩვენს რიგებშივე გავაძლიერებთ ქალებს, მათ წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იქნება.
ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ რაოდენობა. ეს უნდა იყოს მათი ჩართულობა და შინაარსობრივი მონაწილეობა. რაოდენობა უნდა აისახოს სწორედ ამაში. წარმატებები ჩვენ და ჩვენი გაძლიერებით წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა წილოსანმა.