ინდოეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა. როგორც Times of India წერს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასურსათო უვნებლობისა და მეზობელი, ასევე საჭიროების მქონე სახელმწიფოების დახმარების მიზნით მიიღო.
როგორც აღნიშნულია, ხორბლის ექსპორტი ნებადართული იქნება, მხოლოდ „მიწოდებებზე, რომლებზეც გაცემულია შეუქცევადი აკრედიტივი.“
„ექსპორტი ასევე დაშვებული იქნება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც ინდოეთის მთავრობა სხვა ქვეყნების მიმართ გასცემს, მათი სასურსათო უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - ნათქვამია მთავრობის ბრძანებულებაში.
ხორბლის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებული საფრთხე მსოფლიოში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში თესვითი სამუშაოები გასული წლის სამუშაოებს 20-30 პროცენტით ჩამორჩება. რუსეთმა მარცვლეულის ექპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში 30 ივნისამდე აკრძალა. ამასთან, რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებიდან ხორბლით დატვირთული გემების გასვლას.
ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია. წარმოებული ხორბლის უმეტეს ნაწილს ინდოეთ თავად მოიხმარს.