დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს, რომელთაც ისარგებლეს პუტინის ხელისუფლებაში ყოფნით და დიდძალი ქონება დააგროვეს. ამასთან, ისინი არიან გულმხურვალე მხარდამჭერები პუტინის რეჟიმისა და მისი აგრესიული სამხედრო კამპანიისა უკრაინაში.
სანქციები დაუწესდა პუტინის ყოფილ ცოლს ლუდმილა ოჩერეტნაიასა და პუტინთან ახლო პირად ურთიერთობაში მყოფ ალინა კაბაევას, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია მხატვრულ ტანვარჯიშში და წარსულში დუმის დეპუტატი იყო "ერთიანი რუსეთიდან". ამჟამად, კაბაევა რუსეთის უმსხვილესი ეროვნული მედიაჯგუფის დირექტორთა საბჭოს მეთაურობს. არსებობს ვარაუდი, რომ კაბაევასა და პუტინს სულ მცირე სამი შვილი ჰყავთ.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე ალინა კაბაევას ბებია, ანა ზაცეპლინა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს უკვე სანქცირებულ ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსთან. ასევე პუტინის ბიძაშვილები რომან პუტინი, იგორ პუტინი და მიხაილ პუტინი.
სანქციებულთა სიაში ასევე მოხვდნენ პუტინის მეგობრები, კერძო საპენსიო ფონდის Gazfond-ის ხელმძღვანელი იური შამალოვი, SOGAZ-ის დირექტორთა საბჭოს წევრი მიხაილ კლიშინი და საზღვაო პორტ გელენჯიკის გენერალური დირექტორი ვლადიმერ კოლბინი.