"დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიის საკურორტო ქალაქ ვაისენჰაუზერ შტრანდში იკრიბებიან, რათა იმსჯელონ უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ამასთან, შეხვედრაზე მიწვეულები არიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ.
საგარეო საქმეთა მინისტრები სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ეს საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მილიონობით ტონა მარცვლელულის ექსპორტი ვერ ხერხდება.
უკრაინა არის მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი მსოფლიოში, ასევე მზესუმზირის ზეთის. უკრაინაში გაჩაღებული ომისა და შავ ზღვაში რუსეთის გაზრდილი ყოფნის გამო, ექსპორტი დაბლოკილია. შედეგად შექმნილი დეფიციტი და ფასების ზრდა განვითარებად ქვეყნებს განსაკუთრებით დაუცველს ხდის, რადგან ისინი ძალზედ დამოკიდებულნი არიან უკრაინულ პროდუქტზე.
"უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად ბლოკირებულია 25 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი არ აქვს ხელმისაწვდომობა საკვებთან, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ", - თქვა "დიდი შვიდეულის" მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა შეხვედრის დაწყებამდე.
მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, იმსჯელებენ მოლდოვის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ეცდებიან, მხარდაჭერაში დაარწმუნონ კიშინიოვი, რომელიც უკრაინიდან ლტოლვილთა დიდძალ რაოდენობასა და დნესტრისპირეთში პრორუს სეპარატისტებთან დაკავშირებულ ინციდენტს უმკლავდება.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 14 მაისს დასრულდება.