69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. პიანისტი აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია.
მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს; მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით; პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.
1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქ. საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა; ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები -საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს – ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია.