ჩეხეთის სენატმა 11 მაისს უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ პრაღაში უკრაინის ელჩმა ევგენი პერებიინისმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩეხეთის სენატმა ახლახან აღიარა გენოციდად დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინაში სჩადის. მიღებული დადგენილება ასევე შეიცავს უკრაინისთვის იარაღის შემდგომ გადაცემას და ევროკავშირის წევრობაზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერას“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
სენატმა დაგმო რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები უკრაინის ქალაქებში - ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპინსა და მარიუპოლში, რომელიც მოწმობს ტერორს მოსახლეობის წინააღმდეგ, მასობრივ მკვლელობებს და ასობით ათასი ადამიანის დეპორტაციას.
სენატმა დაგმო ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი სისტემატურად და მასშტაბურად სჩადის.
10 მაისს ლიეტუვის სეიმმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად, რუსეთი კი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. მანამდე რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმაც.