ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მოსაზრებით, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გამოსავალია. იტყობინება ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ი.
თავდაცვის კომიტეტმა დაასრულა დასკვნის მომზადება მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესთან.
"ფინეთი უერთდება ნატოს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საკუთარი უსაფრთხოება, დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული", - თქვა კომიტეტის ხელმძღვანელმა პეტერი ორპომ.
კომიტეტის თქმით, ფინეთს არ უნდა ჰქონდეს რაიმე დათქმა ან წინაპირობა წევრობის განაცხადისთვის.
ანგარიში გასული კვირის განმავლობაში განიხილებოდა ფინეთის თერთმეტ საპარლამენტო კომიტეტში. ის არ აყალიბებს პირდაპირ პოზიციას ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ პარლამენტარებისთვის განხილვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას იძლევა.
როგორც ერთ-ერთი საკვანძო კომიტეტი, დასკვნის მომზადებისას თავდაცვის კომიტეტმა ათეულობით ექსპერტთან გაიარა კონსულტაცია. ის და სხვა კომიტეტები თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რომელიც მოამზადებს საბოლოო ანგარიშს.
ხუთშაბათს, 12 მაისს, პრეზიდენტი საული ნიინისტე გეგმავს, გამოთქვას თავისი პოზიცია ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.