უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ივნისში არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს ევროპელების მხრიდან "მოტყუება" იქნება.
"თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას. ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ", - თქვა კულებამ და კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეაზე "ახალი პოლიტიკური ერთობის" შექმნის შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრები ჯერ არ არიან.
ერთი დღით ადრე, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შესაძლოა, რამდენიმე წელი ან თუნდაც ათეულობით წელი დასჭირეს.
კულებას თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის ამ მომენტისთვის მთავარია კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
"სამი თვის წინ ამ ქვეყანას წევრობის პერსპექტივაც არ ჰქონდა, ახლა განიხილავენ რამდენი დრო დასჭირდება ამას. უკრაინა ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ადამიანები იღუპებიან იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც ევროკავშირი დგას. და ვფიქრობ, ამას პატივისცემა სჭირდება", - თქვა კულებამ.