რუსეთის დუმამ მიიღო დადგენილება, რომელშიც 1940 წელს კატინში პოლონეთის მოქალაქეების დახვრეტაზე პახუხისმგებლობა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას დააკისრა.
"კატინის დანაშაული ჩადენილი იყო სტალინისა და სხვა საბჭოთა ხელმძღვანელების პირდაპირი ბრძანებით", _ ნათქვამია განცხადებაში. ამასთან ერთად, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ "ღრმა თანაგრძნობა გამოხატა უსაფუძვლო რეპრესიების ყველა მსხვერპლის ახლობლის მიმართ".
რუსმა დეპუტატებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მასობრივი მკვლელობების ტექნოლოგია" 1936-1938 წლებში კატინში დახვრეტილ ათასობით საბჭოთა მოქალაქეზე მუშავდებოდა.
რუსეთის დუმა გამოთქვამს იმედს - "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებისა, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებზე იქნება დამყარებული".
აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია გაგრძელდეს საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დაღუპულთა სიების დაზუსტება.
ამ განცხადებას ხმა მისცა ფრაქციებმა "ედინაია როსიამ", "სპრავედლივაია როსიამ" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". კომუნისტური პარტია ამ განცხადების წინააღმდეგ წავიდა.
2010 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო განცხადება, რომელშიც კატინის მოვლენების ოფიციალურ ვერსიას "XX საუკუნის ერთ ერთი უმსხვილესი მითი უწოდა".
კომუნისტები დაჟინებით ურწმუნებიან, რომ არსებობს "უტყუარი, დოკუმენტალურად დასაბუთებული ფაქტები და მოწმობები" იმ ვერსიის სასარგებლოდ, რომლის თანახმად, პოლონელები გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებამ დახვრიტა 1941 წლის შემოდგომაზე ვერმახის მიერ სმოლენსკის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პოლონელების დახვრეტაში საბჭოთა ხელისუფლების მონაწილეობას. კერძოდ, აღმოჩენილია ბერიას წერილი სტალინისადმი, რომელიც 1940 წლის მარტშია დაწერილი. მასში არის შეთავაზება პოლონელი ოფიცრების დახვრეტის შესახებ.
საბჭოთა ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ საქმეში ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა 1990 წელს.
სულ კატინში დაახლოებით 22 ათასი პოლონელი დახვრიტეს, მათ შორის რამდენიმე ათასი ოფიცერი.