„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაისის ბოლოს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიიწვია.
როგორც ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ტუსკი სააკაშვილს პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს.
ხერხეულიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ საუბარია დონალდ ტუსკის წერილში, რომელიც მან სააკაშვილს საპატიმროში გადასცდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟურნალისტებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის მიწვევაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხი გააცნო.
„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით.
მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.
არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.