იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილის მიერ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხი არა პოლიტიკოსის, არამედ ექიმის გადასაწყვეტია; ექიმებს კი, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე არ უსაუბრიათ.
„როდესაც საუბრობენ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები და, მათ შორის, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი, არ საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. საქართველოში იკურნება ძალიან ბევრი დაავადება და უამრავი ადამიანი. ამიტომ სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას, რასაც მიზნად ისახავს ეს ხალხი. მოდი, ამიტომ ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.