ევროკავშირი მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონის, "ნაციონალური მედია ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ალინა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი ევროკავშირის სანქციების (მე-6 პაკეტის) პროექტისა და რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, სანქციების პროექტში ნათქვამია, რომ "ნაციონალური მედია ჯგუფი" ფლობს წილებს რუსულ მედიაში, რომლებიც ავრცელებენ სახელმწიფო პროპაგანდას და, შესაბამისად, პასუხისმგებელია იმ ქმედებების მხარდაჭერაზე, რაც ძირს უთხრის უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"კაბაევა მჭიდროდ არის დაკავშირებული [რუსეთის] პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან", - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები 4 მაისს წარადგინა. ახალი პაკეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ უნდა დამტკიცდეს. ამასთან დაკავშირებით ელჩები შეხვედრას 7 მაისს გამართავენ. Bloomberg-ის ცნობით, სანქციების საბოლოო ვერსია შესაძლოა შეიცვალოს.
აპრილის ბოლოს Wall Street Journal-ი იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები გეგმავდა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუმცა ბოლო მომენტში შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩათვალეს, რომ ამაზე პუტინი "აგრესიულ რეაგირებას მოახდენდა".
მედიის ვარაუდით, წლების განმავლობაში, ალინა კაბაევას პირადი ურთიერთობა აქვს პუტინთან და მინიმუმ მისი სამი შვილის დედაა.